მგონია, რომ სიტყვა წაცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც სიღრმისეული შეცდომაა, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლმა მის მიერ გაკეთებულ განცხადასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.
„არანაირად არ მინდა მისი ეს გადაცდომა დავუკავშირო ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოში. ეს უსაფუძვლო იქნებოდა. ამ პიროვნებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. მისი განცხადება არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ გარკვეულ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ევროკავშირის პოლიტიკასთან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.