სოფიო ქაცარავა ჰერბერტ ზალბერის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიუღებელს უწოდებს

სოფიო ქაცარავა ჰერბერტ ზალბერის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიუღებელს უწოდებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიუღებელს უწოდებს.

როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

,,ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვნახეთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ამერიკის მხრიდან მივიღეთ გზავნილები. კონკრეტული განცხადება კი, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, მიუღებელია ჩვენთვის. ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე საქმის კურსშია და შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულზე", - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.