სოფო კილაძე: პარლამენტი საგამოძიებო ორგანოს ფუნქციას ვერ შეითავსებს

სოფო კილაძე: პარლამენტი საგამოძიებო ორგანოს ფუნქციას ვერ შეითავსებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს და აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უნდა მოხდეს.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუკი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გატარებული ღონისძიებები არასაკმარისი იქნება, პარლამენტი აღნიშნულ საქმეში სწორედ მაშინ ჩაერთვება.

„ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მოხდეს სამართალდამცავების მხრიდან საკითხის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. თუ დავინახავთ, რომ ეს არის არასაკმარისი, სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ჩავერთოთ ჩვენ. პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს. არ შეიძლება ფუნქციების აღრევა. ყველაფერს აქვს თავისი წესი. ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.