დევიდ კრამერი:   საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება

დევიდ კრამერი: საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება, რაზეც კონგრესისა და ადმინისტრაციის მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯები მეტყველებს. კრამერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად მუშაობა უნდა გააგრძელოს.

დევიდ კრამერს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ესაუბრა.

კითხვაზე, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს და მთლიანად რეგიონის მიმართ დამოკიდებულებაში არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც აწუხებს, კრამერმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ის აწუხებს, თუ რას იზამს რუსეთი.

”საქართველოში რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას, არის უწყვეტი მცდელობა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანონ. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვაშინგტონში ახალმა ადმინისტრაციამ, რაც შეიძლება მალე, გააკეთოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიმართ შემუშავებული პოლიტიკის არტიკულირება, რომ ეს ქვეყნები იმ რუხი ზონიდან გამოვიდნენ, რომელშიც დღეს არიან”,- განაცხადა კრამერმა.

მისივე თქმით, კონგრესში კარგად ესმით საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვის.        

”კონგრესის როლი დღემდე ძალიანი დადებითია. სულ რამდენიმე დღის წინ კონგრესმა ორპარტიული წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს, სადაც საქართველოს მხარდაჭერას და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყებას სთხოვდა.

კონგრესში კარგად ესმით საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვის. არ მგონია აქ რამე შეიცვალოს. საქართველოს ყოველთვის ეყოლება მეგობრები ორივე პარტიის რიგებში. თუმცა, ეს საქართველომ არ უნდა მიიღოს როგორც რაღაც ისეთი, რაც ეკუთვნის. ამ ურთიერთობას მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. საელჩომ უნდა გააგრძელოს კონგრესთან აქტიური ურთიერთობა, მთავრობის წევრები კი ყოველთვის, შეძლებისდაგვარად, უნდა ეწვივნონ კონგრესს, როცა ვაშინგტონში არიან”, - აღნიშნა კრამერმა.

სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ მცოცავი ანექსიის და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უწყვეტი თავდასხმების შეჩერებას ევროპელების, ამერიკის, კანადის, იაპონიის და სხვა დემოკტარიების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

”რუსეთს მუდმივად უნდა შევახსენოთ ის, რომ მან არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. პასპორტიზაციით და მცოცავი ანექსიით რუსეთი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოსთან კავშირის გზებს უჭრის. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ არასოდეს ვაღიარებთ ამ რეგიონების ამჟამინდელ მდგომარეობას და არასოდეს ვაღიარებთ მათ რუსეთში გაერთიანებას. ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, სადაც რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. რუსეთს ასევე უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ვითარება დაიძაბა, რუსეთს შეიძლება სანქციები დაუწესდეს”, - განაცხადა კრამერმა.

კითხვაზე, ამ მიმართულებით ვაშინგტონის მხრიდან ნაბიჯებს თუ ხედავს, კრამერი ცხადებს, რომ ჯერჯერობით არა.

”უკრაინის შემთხვევაში წინა ადმინისტრაციის დროს იყო მცდელობა რუსეთთან კომუნიკაციის პირდაპირი არხი ყოფილიყო, თუმცა ამან დიდი შედეგი ვერ მოიტანა. საქართველოს შემთხვევაში ამ მიმართულებით ჯერ არაფერი გამიგია.

პრობლემა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომელიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე დარჩა ძალაში. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება - სახელმწიფო მდივანი ტილერსონი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დარწმუნებით, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიგოს ის, რომ საქართველოს ევროპასთან სიახლოვით უკეთესი მომავალი ექნება. ეს არ ნიშნავს საქართველოს რუსეთისგან გათიშვას. რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეზობელი იქნება. თუ საქართველოს წარმატების მიღწევა უნდა, რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის თემაზე, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ქვეყანაში პოლიტიკური ერთობა უნდა არსებობდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასავლეთმა საქართველოში უნდა დაინახოს”, - განაცხადა კრამერმა.