ზვიად კვაჭანტირაძემ გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ზვიად კვაჭანტირაძემ გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ქართველი ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიმართა.

პავილიონში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები.

საქართველოს ეროვნულ არქივის სტუმრებს გურამ შარაძისადმი მიძღვნილი ფილმის ნახვის საშუალებაც მიეცათ.

დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება," რომლის რეჟისორიც გიორგი შარაძეა, აღწერილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის პარიზული და ჰარვარდული ნაწილის 1996-1997 წლებში საქართველოში დაბრუნების ისტორია.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ, ღონისძიების სტუმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის, გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესება იგეგმება.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმი.