საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას სტოლტენბერგის მოადგილე როუზ გოტმოლერი უხელმძღვანელებს

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას სტოლტენბერგის მოადგილე როუზ გოტმოლერი უხელმძღვანელებს

თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმოლერი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ნატო-ს შტაბბინაში „მოამბეს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.  გოტმოლერი, რომელმაც გენმდივნის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ვერშბოუ შეცვალა, საქართველოშ პირველად ჩამოვა.

რაც შეეხება ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, „მოამბის“ ინფორმაციით, ნატო-ში 25 მაისისთვის დაგეგმილი მაღალო დონის შეხვედრების გამო, სტოლტენბერგს გადატვირთული გრაფიკი აქვს და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

ბრიუსელში, 25 მაისს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართება. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ აღნიშნა, შეხვედრის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაცნობა და ნატო-ს სტრატეგიაზე ერთობლივი პოზიციების ჩამოყალიბება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კოლეგებთან შესახვედრად ბრიუსელში პირველად ჩადის.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია კი, თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.