რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი არ განუხილავთ.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე, ამ ბაკქანალიას კი არც ერთი ჩვენგანი არ შეხებია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანვე დასძინა, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევას დაადასტურებდა. „ეს არ არის სერიოზული“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე არც ანტირუსული სანქციები განუხილავთ. „სანქციები არ განგვიხილავს. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ცალმხრივი ქმედებებია, რომლებიც ჩვენთან მიმართებაში მიიღეს“, - განაცხადა ლავროვმა.