რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგოლ ლილუაშვილი, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, კახაბერ გულედანს და სამინისტროს რეგიონების დეპარტამენტის უფროსს ნიკოლოზ როსებაშვილს შეხვდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული „ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობის" ერთობლივი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, კომიტეტის წევრები: კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა, ბექა ოდიშარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები კანონშემოქმედებით საკითხებს განიხილავენ.

დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს ის კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ასახულია და რომელთა წარდგენაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობითა და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად არის დაგეგმილი.

ჯგუფის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულების 162-ე მუხლის შესახებაც გამოთქვეს მოსაზრებები და პოზიციები შეაჯერეს.

„ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობის" ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფორმატში კანონშემოქმედებითი მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.