საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა

„ასეთი ექსცესები ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ დავამყაროთ სათანადო კომუნიკაცია საზოგადოებასთან კონსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლის, მამუკა აჩბას განცხადებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსალოდნელ პროვოკაციებზე მან პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. „რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, მე პირადად პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ შედგა გარკვეული შეხვედრა, სადაც დაიგეგმა ასეთი დესტრუქციული მოქმედებები. ეს არის ძალიან სამწუხარო. ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი იაფფასიანი ქმედებები. ეს ხელს ვერ შეგვიშლის ჩვენ იმაში, რომ განვაგრძოთ საზოგადოებასთან შეხვედრები. ასეთი ექსცესები ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, რომ დავამყაროთ სათანადო კომუნიკაცია ჩვენს საზოგადოებასთან კონსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით სათანადოდაა მოწესრიგებული.