საქართველოს პარლამენტმა #ევროპისდღე2017 უნივერსიტეტებში აღნიშნა

საქართველოს პარლამენტმა #ევროპისდღე2017 უნივერსიტეტებში აღნიშნა

2017 წლის 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, #ევროპისდღე2017-სადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა, საქართველოს რვა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის სხვა წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებმა. განხილვებში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის 10 წევრი ქვეყნის ელჩი. 

ინიციატივის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის ხელშეწყობით და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

შეხვედრებზე პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სფეროში არსებულ მიღწევებზე და იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელსაც იღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად.

მათ ასევე აღნიშნეს პარლამენტის როლი ამ წარმატებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში და  საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში ევროპულ სტანდარტებთან.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირში უვიზო მგზავრობის შესაძლებლობით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმებამ შესაძლებელი გახდა მთელი რიგი ახალი პროდუქტის გატანა ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მხოლოდ 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, 44%-ით იმატა  ევროკავშირთან ექსპორტმა, 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 2015-2016 წლებში ევროკავშირთან არსებული საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით 1700-მდე ქართველმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. საქართველოს პარლამენტის  საკანონმდებლო საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყველა ამ პროგრამის წარმატებაში.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საპარლამენტო კვირეული დასრულდება 11 მაისს ოფიციალური მიღებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უმასპინძლებს. მიღების მსვლელობაში საქართველოს პარლამენტი შეაჯამებს კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და დააჯილდოვებს ახალგაზრდული თამაშის “ჩემი ევროპული თავგადასავალი” გამარჯვებულებს.