სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან სამსახურში და ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი არ გვაქვს

სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან სამსახურში და ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი არ გვაქვს

სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ მომსწრე იმ ფაქტის თუ როგორ იღუპებიან ადამიანები საკუთარ სამსახურში და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ არ გვაქვს შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი 100%-ით ვერ აღმოფხვრის პრობლემას, მაგრამ შეამცირებს სიკვდილიანობას.

”კონსტიტუციური რეფორმის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები. უფრო კონკრეტულად, ესაა შრომის ზედამხედველობის ორგანოს, შრომის ინსპექციის საკითხი. ჩვენ, ეს თემა ძალიან პრინციპულად დავაყენეთ საკონსტიტუციო კომისიაში. მოვითხოვდით, რომ ძირითად კანონში ასახულიყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, კომისიის შიგნით ამაზე შევთანხმდით, მთავრობის მხრიდან ზეწოლის, წინააღმდეგობის გამო, საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მაშინაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, სწორედ იმ მსჯელობის პარალელურად დაიღუპა ერთი ადამიანი შრომის უსაფრთხოების პირობების არარსებობის გამო. სამწუხაროდ, დღესაც ყოველდღიურად ვართ მომსწრე იმ ფაქტის თუ როგორ იღუპებიან ადამიანები საკუთარ სამსახურში და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი. გვაქვს კანონი და არ გვაქვს მისი აღსრულების მექანიზმი. რა თქმა უნდა, ეს 100%-ით არ აღმოფხვრის პრობლემას, მაგრამ ცხადია, დადებით ეფექტს იქონიებს და საბოლოო ჯამში, შეამცირებს სიკვდილიანობას”, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე განცხადებით, მთავრობის არგუმენტია, რომ აღნიშნულმა ჩანაწერმა შეიძლება ინვესტორებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო არაა მეგობრულად განწყობილი მათ მიმართ.

”მთავარი არგუმენტი არის ის, რომ შესაძლოა ინვესტორებს ამან შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო არაა მეგობრულად განწყობილი მათ მიმართ, რაც არასწორ მოსაზრებებს ემყარება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ასეთი ინსპექცია და მას არასდროს ზიანი არ მოუტანია ინვესტიციებისთვის. ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც რაიმე დამაბრკოლებელი მექანიზმი ინვესტიციებისთვის. თუმცა, ასეც რომ იყოს, ამორალურია როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ვწირავთ, ან ვუშვებთ მათ გაწირვას იმ მიზეზით, რომ სხვებმა დამატებით მოგება, სარგებელი ან ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა ნახოს”, - განაცხადა მენაბდემ.