ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გუშინ, ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ ფატქს გამოეხმაურა და კომიტეტის სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „მინდა გამოვეხმაურო ძალიან დიდ ტრაგედიას, რომელიც გუშინ ტყიბულში მოხდა. მთელი კომიტეტი ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ჩვენ ჩვენის მხრივ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, აუცილებლად უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ შრომის უსაფრთხოება ჩვენ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს და ამ საკითხზე ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადებას კომიტეტის წევრებიც შეუერთდნენ და გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა შეაფასეს.

კომიტეტის წევრნი ანრი ოხანაშვილი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, როდესაც უჩა ნანუაშვილმა ადამიანების გარკვეულ ჯგუფს „მკვლელები" უწოდა. „სახალხო დამცველის პოზიციიდან გაკეთებული სახალხო განცხადება, ვფიქრობ, რომ არის აბსოლიტურად არაკორექტული. რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები გამოთქვას, მაგრამ სახალხო დამცველმა, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი საზოგადოების და თვითოეული ჩვენგანის უფლება, ვინმეს მკვლელს არ უნდა უწოდებდეს. ეს არის არაპროფესიონალური და არაკორექტული შეფასება, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ცუდია სახალხო დამცველის მხრიდან ასეთი პოზიციის დაფიქსირება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ კომიტეტის დასკვნის და დადგენილების პროექტებს შეეხებოდა.

„2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602 დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე" კომიტეტის დასკვნის პროექტი სოფო კილაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში კომიტეტს კარგად ეხმარება გაანალიზოს ის ვითარება, რაც ამ კუთხით არის შექმნილი. თუმცა არის საკითხები, რომელსაც კომიტეტი არ იზიარებს და სახალხო დამცველს არ ეთანხმება.

„2016 წლის 20, 21 და 27 თებერვალს პარლამენტის დადგენილებით მიღებული 203 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის განხილვის მიზნით, კომიტეტში მოსმენები გაიმართა, რომელზეც რეკომენდაციების ადრესატმა უწყებების წარმომადგენლებმა ანგარიშები წარმოადგინეს. კომიტეტმა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასების პროცესში გაითვალისწინა როგორც წარმოდგენილი ანგარიშები, ასევე სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები. საკომიტეტო განხილვების შედეგად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების სრულად შესრულება ვერ მოხერხდა", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მანვე რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანალიზიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 203 რეკომენდაციიდან 110 სრულად შესრულდა, 36 - ნაწილობრივ შესრულდა, 46 - შესრულების პროცესშია და 11 რეკომენდაცია ჯერ არ იქნა შესრულებული.

რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მომზადებულ დასკვნის პროექტზე საუბრისას, სოფო კილაძემ ყურადღება იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში, სასამართლო ხელისუფლებაში, იუსტიციის, განათლების და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში ბოლო წლებში განხორციელდა. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებებით ჩატარებული სამუშაოები სახალხო დამცველის დასკვნაში დადებითად შეფასდა. კომიტეტის თავმჯდომარემ შეუსრულებელ რეკომენდაციებზე და დარჩენილ გამოწვევებზეც ისაუბრა და მათი შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძემ „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის და პარლამენტის დადგენილების პროექტზეც ისაუბრა. მანვე კომიტეტს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017წწ) შესრულების შუალედური ანგარიში გააცნო და მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

სხდომის დასასრულს კომიტეტმა კენჭი უყარა განხილულ საკითხებს და მათ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენას, ერთხმად დაუჭირა მხარი.