საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2017 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულმა ასიგნებებმა დაახლოებით 35, 122 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 30, 618 ლარი, რაც მისივე თქმით, 87,2%-ს შეადგენს და წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 535 ათასი ლარით მეტია.

გიორგი კაკაურიძემ პირველი კვარტლის შესრულება საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, საგარეო პოლიტიკის განხორციელება გეგმის მიხედვით 35 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა 30, 5 მლნ ლარით შესრულდა. საგარეო პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაზე განსაზღვრული იყო 30 მლნ ლარი, შესრულდა - 27 მლნ ლარით. საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფაზე დაგეგმილი იყო 4, 9 მლნ ლარი, შესრულდა 3,5 ლარი. მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნის, საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დაგეგმილი და შესრულებული ფინანსური მაჩვენებლების თაობაზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე ზურაბიშვილის შენიშვნით, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ცალკე თავი დიასპორის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გეგმისა და შესრულების შესახებ, რაც, მისივე მოსაზრებით, პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენისას მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დიასპორის ღონისძიებებზე გამოყოფილია 400-500 ათასი ლარი. „ღონისძიებების შინაარსიდან გამომდინარე. ამ თანხას შესაძლოა კიდევ დაემატოს", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ადა მარშანიას შენიშვნით, ბიუჯეტი უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და დაწვრილებითი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი, რა თანხა გაიხარჯა კონკრეტული ღონისძიებების განსახორციელებლად.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ საჭიროა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, რათა დეპუტატებმა მოისმინონ თუ როგორ აისახება წარმოდგენილი ფინანსები დიასპორაზე.

 

·