ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრები მწუხარებას გამოვთქვამთ ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ყველა მაღაროელს.

უკვე მერამდენე წელია მცდარი იდეოლოგიური შეხედულებები ხელს უშლის ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფას საქართველოში. შრომის ინსპექცია, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია შრომის უფლებებისა და უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველყოფაზე, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არის უუფლებო და არაქმედითუნარიანი, რასაც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება.

სამწუხაროდ, ჩვენ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის.

მყარად გვწამს, რომ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გახდება შრომის უფლებებისა და დასაქმებულთა მიმართ არასწორი და ზერელე პოლიტიკისა და დამოკიდებულების გადააზრების საფუძველი და ინვესტორის მოგება და წარმატება აღარ განხორციელდება დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, არამედ მათთვის ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფის პარალელურად, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში.

ჩვენ, სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის დაუყოვნებლივ მოვითხოვთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ მოახდენენ ჩვენი თანამემამულეების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფასა და მათი შრომის უფლებების სრულფასოვან დაცვას.