პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ცენტრალური საკითხი, უფრო მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს კონსტიტუციის პროექტში

პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ცენტრალური საკითხი, უფრო მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს კონსტიტუციის პროექტში

პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ცენტრალური საკითხი, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები და ხარვეზები გვაქვს კონსტიტუციის პროექტში, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი მისი უფლებამოსილების მიხედვით უნდა განისაზღვროს.

”პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განვიხილოთ მის უფლებამოსილებებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტს ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება ვიდრე შემოთავაზებული ვერსიით აქვს, უმჯობესია იყოს პირდაპირი წესით არჩეული. ჩვენ შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როდესაც მსჯელობას ვიწყებთ პრეზიდენტის არჩევის წესიდან, მსჯელობა უნდა დავიწყოთ პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ გვჭირდება უფრო ძლიერი პრეზიდენტი, ვიდრე შემოთავაზებული ვერსიითაა, თუნდაც, ისეთი პრეზიდენტი, როგორიც დღეს გვყავს მაშინ პირდაპირი არჩევის წესი იქნება უფრო პოზიტიური. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეს არ არის ცენტრალური საკითხი. სამწუხაროდ, ეს იქცა ცენტრალურ საკითხად. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, უფრო მნიშვნელოვანი ხარვეზები ჩვენს პროექტში”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაკომპლექტების წესი.

”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაკომპლექტების წესი. ესენია: სასამართლო, სახალხო დამცველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ანუ იმ თანამდებობების პირები, რომელთა ინიცირებაც პარლამენტის შიგნით ხდება და პარლამენტივე ამტკიცებს. უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობას. თუ უმცირესობის რაღაც ნაწილი არ უჭერს მხარს დამოუკიდებელ ინსტიტუტებში კონკრეტული პირების თანამდებობაზე განწესებას, მაშინ ასეთი პირების თანამდებობაზე განწესება არ უნდა მოხდეს. ესენი არიან ფაქტობრივად არბიტრები და არბიტრის დანიშვნაში უნდა მონაწილეობდეს ორივე მხარე”, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, საზოგადოება საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული კონსტიტუციის ხარვეზებზე და მის დადებით ასპექტებზეც.

”მე მქონდა პატივი გურიაში დავსწრებოდი და მონაწილეობა მიმეღო განხილვებში. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე, კონსტიტუციის ხარვეზებზე და მის დადებით ასპექტებზე, რაშიც ნამდვილად მედიას ეთქმის მადლობა. მეორე საკითხია მთავარი პრობლემური ასპექტები, რომლებსაც მოსახლეობა უსვამს ხაზს. მას ცხადია, ესმის, როგორც თითოეულ ჩვენგანს, რომ საარჩევნო სისტემა არის გადამწყვეტი კონსტიტუციური ჩარჩოსთვის. თუ ჩვენ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული, მივიღებთ ზედმეტად კონსოლიდირებულ ძალაუფლებას. მაგრამ თუ ეს გამოსწორდება და იქნება პლურალისტური, ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების განწყობის ადეკვატურ ასახვას, მაშინ შესაძლოა, კიდევ უფრო კარგ ვითარებაში აღმოჩნდეს და პოზიტიური ასპექტებით ხასიათდებოდეს ჩვენი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მასში სხვა ხარვეზებიც არის”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოების აზრი ადეკვატურად უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში.

”საერთო-სახალხო განხილვის იდეა არის, რომ სწორედ ის უკუკავშირი, რომელიც საზოგადოებიდან არის, უნდა იყოს ადეკვატურად გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში. დგება ოქმები, არსებობს ჩანაწერები და შემდეგ ამის კლასიფიკაცია უკვე აპარატის საქმეა. მან უნდა მიაწოდოს განხილვის შედეგები საქართველოს პარლამენტის წევრებს”, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.