არჩილ თალაკვაძე თინა ხიდაშელის განცხადებას „წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს

არჩილ თალაკვაძე თინა ხიდაშელის განცხადებას „წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს

მხედრიონის ხსენება დამაზიანებელია, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესებისთვის და ასევე იმ ოპოზიციური ძალისთვის, ვინც ეს განაცხადა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციაში გარკვეულ ჩანაწერთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას.

”ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია და ეს არის ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება. რეალურად, ეს ჩანაწერი ეკუთვნის ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დანაყოფს, რომელიც არ შედის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს ჩანაწერი სწორედ ამას არეგულირებს. რეალურად, ეს დანაყოფები დღესაც არსებობენ სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი სწორედაც რომ აწესრიგებს საკითხს. ეს არის უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას.

როგორც თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციის მოდელში არის ჩანაწერი სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება სხვა შეიარაღებულ ძალებში. ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ეს ბუნდოვანება ქვეყნისთვის სასურველი არ არის.