საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს უნდა მივანდოთ

საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს უნდა მივანდოთ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივით გამოდის.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე არ უნდა დადგეს საშემოდგომო სესიამდე, იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე, ხოლო საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დავით უსუფაშვილის აზრით, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს უნდა მივანდოთ.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა უნდა გაგვაერთიანოს და არ უნდა დაგვყოს. კონსტიტუციამ მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა უნდა უზრუნველყოს და არა პირიქით - ყოველი ხელისუფლება ცვლიდეს კონსტიტუციას საზოგადოების მორიგი გახლეჩის ფონზე. თუ პროცესი დღევანდელ პოლიტიკურ კალაპოტში გაგრძელდა, კვლავ მივიღებთ არსებული ხელისუფლების და არა ქვეყნის მომავლის კონსტიტუციას, რაც მორიგ ჯერზე დაასუსტებს ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკურ ფუნდამენტს და რასაც ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება კვლავ ნაჯახით მიადგება. ყველამ, ავტორებმაც და ოპონენტებმაც, აუცილებლად უნდა გამოვნახოთ საკუთარ თავში თუ საკუთარ გუნდებში დამატებითი რესურსი ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად და გონივრული კომპრომისების მისაღწევად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის ყოფილი სპიკერი იმედს იტოვებს, რომ საკონსტიტუციო პროცესში ამ ეტაპზე მაინც პირადად ჩაერთვება საპარლამენტო მმართველობის პირობებში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურა - პრემიერ-მინისტრი, რომელიც, უსუფაშვილის თქმით, „მხოლოდ მმართველი უმრავლესობის ლიდერი არ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მხოლოდ აწმყოზე არ აკისრია“.

„ჩემი შეთავაზებაა, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადგეს საშემოდგომო სესიამდე იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე; საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას; საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.