ჯონ მაკკეინი:  შეწუხებული ვარ ჯეიმს კომის გადაყენებით, ის ღირსეული ადამიანია

ჯონ მაკკეინი: შეწუხებული ვარ ჯეიმს კომის გადაყენებით, ის ღირსეული ადამიანია

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გადაყენებას გამოეხმაურა.

მაკკეინის თქმით, აღნიშნული ფაქტი ცხადჰყოფს აშშ-ის კონგრესში სპეციალური კომიტეტის ჩამოყალიბების საჭიროებას, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი გამოიძიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს, მე შეწუხებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ჯეიმს კომი ღირსეული ადამიანია, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროს ექსტრაორდინარულ პირობებში ხელმძღვანელობდა“, - ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

„მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ აშშ-ის კონგრესში სპეციალური კომიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევას გამოიძიებს. პრეზიდენტის დღვანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს ასეთი კომიტეტის შექმნის აუცილებლობას“, - დასძინა ჯონ მაკკეინმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო - ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია.

„მე მივიღე მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განკარგულებაში.