დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, დაუყოვნებლივ შეუდგებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე კანდიდატურის შერჩევას.

გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ჯეიმს კომის კურიერმა გადასცა. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ხოლო მიზეზად ის იყო დასახელებული, რომ მან ვერ შეძლო გამოძიების ფედერალური ბიუროს ეფექტურად მართვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო - ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია.

„მე მივიღე მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე სამჯერ შემატყობინეთ, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, მე ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეფექტურად უხელმძღვანელოთ გამოძიების ფედერალურ ბიუროს“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

„მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს გადატვირთვის დრო დადგა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წესებისა და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს და ვინც სამაგალითოა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯეიმს კომი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2013 წელს დაინიშნა.