გიორგი გახარიას განცხადებით, ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

გიორგი გახარიას განცხადებით, ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.

”დღეს ალბათ, არ არის ის მომენტი, როცა ჩვენ მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ. აქ არის ის მომენტი, როცა მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებს და მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე, ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გუშინ, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. მასში 4 მეშახტე იმყოფებოდა. დაღუპული მეშახტეების ცხედარი ნაპოვნია.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.