ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეაჯამა

ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეაჯამა

„დღეს იყო გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა, გამორჩეულად საინტერესო კითხვები და ვფიქრობ, რომ  ამ შეხვედრამ  საზოგადოების მოლოდინი გაამართლა", - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მოსახლეობასთან ზუგდიდში გამართული დღევანდელი შეხვედრა.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებასთან. ძალიან დიდი იყო დაინტერესება, ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა. ყველა შეხვედრა შეიძლება ითქვას, ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველას აქვს თავისი სპეციფიკა. დღეს იყო  გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა, გამორჩეულად საინტერესო კითხვები და ვფიქრობ, რომ  ამ შეხვედრამ  საზოგადოების მოლოდინი გაამართლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის მიხედვით განსაზღვრულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან და პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განმარტებები მედიასთან გააკეთა. „მოქმედი კონსტიტუციით ძალიან ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები, რასაც აღიარებენ მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. აბსოლუტურად გაუგებარია რა ხდება მაგალითად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, ვის რა უფლებამოსილება აქვს  მინიჭებული. ეს საკითხები არის ზედმიწევნით სწორად და კარგად მოწესრიგებული ახალი რედაქციით. ზუსტად არის განსაზღვრული კომპეტენციები, მათ შორის პრეზიდენტს განსაზღვრული აქვს ძალიან კონკრეტული, ძალიან ხელშესახები უფლებამოსილებები. ის ხელმძღვანელობს საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო საბჭოს, რომელიც არის საერთო კოორდინაციაზე პასუხისმგებელი, პრეზიდენტია მისი თავმჯდომარე. გარდა ამისა, პრეზიდენტის ჩარევის გარეშე ვერ გამოცხადდება ვერც საომარი, ვერც საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტი უშუალოდ მონაწილეობს სამხედრო ძალების  მეთაურის დანიშვნაში და ა.შ. გარდა ამისა, პრეზიდენტს შეაქვს გადაწყვეტილება სამხედრო ძალების გადაადგილების, გამოყენების თაობაზე", -განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, დარბაზში წარმართული თავისუფალი დისკუსია მიღწევად შეაფასა. მისი განცხადებით, დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ასეული ადამიანი, ყველანაირი აზრი იყო გამოთქმული.  „ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ თვისობრივად შევცვალეთ ის კულტურა, რომელიც მანამდე იყო  ჩამოყალიბებული, უფრო სწორად არ იყო ჩამოყალიბებული. თქვენ ყველას გახსოვთ როგორ წარიმართებოდა ასეთი ტიპის დისკუსიები წინა წლების განმავლობაში. დღეს გვაქვს ჩვენ ძალიან ფართო ჩართულობა. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იყვნენ მაგალითად დღეს. მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადად საზოგადოების და ბუნებრივია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. ეს არის საერთო სურათი. ყველას ჰქონდა თავის აზრის გამოხატვის საშუალება, ისმოდა სხვადასხვა ტიპის მოსაზრებები, მათ შორის ძალიან მწვავე კრიტიკული მოსაზრებები,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსულტაციები გაიმართება ვენეციის კომისიასთან და არც ერთი ნორმა, რომელსაც ვენეციის კომისია არ გაიზიარებს არ იქნება მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი შემუშავებული. ჩვენ  გვექნება კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, მათ შორის საერთო ფორმატშიც. იქნება სხვა პოლიტიკური ძალებიც და ექსპერტებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული სპეციალური ორდღიანი შეხვედრა, სადაც განიხილება ყველა ეს საკითხი. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ვენეციის კომისია დადებს დადებით დასკვნას. არც ერთი ნორმა რომელიც ნეგატიურად შეფასდება ვენეციის კომისიის მხრიდან, პარლამენტის მიერ არ მიიღება,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი შემუშავებულია ოთხთვიანი განხილვის შედეგად და მასში როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები მაქსიმალურად არის ასახული.

„ჩვენ გვქონდა ოთხთვიანი განხილვის პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ამ ოთხთვიანი განხილვის საფუძველზე შევიმუშავეთ კონკრეტული დოკუმენტი, მათ შორის როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება. მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 80% ახალი ნორმებისა, რომელიც არის ასახული ახალ კონსტიტუციაში ეფუძნება სწორედ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების მოსაზრებებს. ყველას ჰქონდა პროცესში მონაწილეობის საშუალება, სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით არის შემუშავებული ის დოკუმენტი, რომელიც უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიას და  წარედგინა პარლამენტს განსახილველად," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.