საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში

საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დღეს შეხვედრა ზუგდიდში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მოსახლეობასთან გამართეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძემ ეს დღე განსაკუთრებით მიულოცა დარბაზში მყოფ, 95 წლის ომის ვეტერანს, გოჩა თოდუას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს, რომელიც დღემდე საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, 9 მაისი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხების დღე. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბატონ გოჩა თოდუას, რომელიც ესწრება დღევანდელ შეხვედრას. ბატონი გოჩა არის 95 წლის, ომის ვეტერანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გოჩა დღემდე ემსახურება თავის სამშობლოს, დღემდე მუშაობს და მინდა გისურვოთ ასეთივე მხნეობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე თქვენი ქვეყნის სამსახურში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას  ქვეყნის უპირველესი კანონის პროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 4 თვიანი მუშაობის შედეგი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი.

„ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა კომისია. ეს იყო ნამდვილად, დაუღალავი შრომა და ამ სამუშაოში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.  ამ სამუშაოს  შედეგად, მომზადდა ახალი დოკუმენტი. ეს არის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტი და ეს არის კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლში და თავში შევიდა შინაარსობრივი, კონცეპტუალური და ტექნიკური  ხასიათის ცვლილებები.

ირაკლი კობახიძემ ცვლილებების ძირითად არსზე ისაუბრა და კონსტიტუციის თითოეული თავი დეტალურად მიმოიხილა. მისი განცხადებით, კომისიამ კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც სრულიად ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში მმართველობის სისტემას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.

ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო.

პირველ თავზე საუბრისას მან ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოყო, რომელსაც მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება: დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და  ეკონომიკური თავისუფლების პრინციპს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს პრინციპები მოქმედ კონსტიტუციაშიც არის მოხსენიებული, მაგრამ ჩაკარგულია. „ჩვენ გვინდოდა თითოეული ამ პრინციპისთვის განსაკუთრებული დატვირთვა მიგვენიჭებინა და შესაბამისად, თითოეულ ამ პრინციპს დღეს  ცალკე მუხლი ეთმობა. ეს არის პრინციპული ცვლილება, რომელიც განხორციელდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, შემუშავებულია ისეთი  ფუნდამენტური ცვლილებები და დამატებები, რომლებიც  საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება.  ჩნდება ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო დაცული ან დაცული იყო არაპირდაპირ.

„ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, გენდერული თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლება, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, უფლება სამართლიან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, სამეწარმეო თავისუფლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გაზრდილია დაცვის სტანდარტი მთელი რიგი უფლებების მიმართულებით. ცვლილებები ეხება პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, საჯარო ინფორმაციაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლების სტანდარტების გაუმჯობესებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შემდგომ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

 პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ფინანსებისა და კონტროლის თავის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას გაითვალისწინა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სხვა შესაბამის უწყებებს ჰქონდათ. ცვლილებები შედის უსაფრთხოების მომაწესრიგებელ თავში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სრულიად ბუნდოვნად იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ჩაწერლი. „დღეს ეს ყველაფერი ჯეროვნად არის მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციით,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამატებები და ფუნდამენტური ცვლილებებია ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები კონსტიტუციურ დონეზე. „შესულია ახალი გარანტიები, როგორიცაა ორგანიზაციული და საკადრო პოლიტიკის ავტონომია, სუბსიდიარობის პრინციპი და სხვა. ეს ყველაფერი ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას საქართველოში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა კონსტიტუციის გადასინჯვის წესთან დაკავშირებული ცვლილებები. „შემოდის პლურალური ოტუმი. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას მეორე პარლამენტის მიერ დამტკიცება დასჭირდება იმისათვის, რომ ის ამოქმედდეს." ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამით კონსტიტუციის გადასინჯვის წესი გართულდება, რაც ძალიან პროგრესული ცვლილებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, კონსტიტუციურ კანონში იყო უამრავი შინაარსობრივი, ტექნიკური, გრამატიკული ხასიათის შეცდომა და ხარვეზი, კანონში აღრეული იყო სტრუქტურაც, რომელიც დღეს უკვე გამოსწორებულია.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით,  მომზადდა სრულად ახალი კონსტიტუციური კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ სადაც ხარვეზები მთლიანად არის აღმოფხვრილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „საუბარია შერეული სისტემიდან პროპორციულ-საარჩევნო  სისტემაზე გადასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი, შერეული  სისტემა არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდავს ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის ბოროტად გამოყენების სურვილს. „ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ხელით გაგვეუარესებინა ჩვენი სუბიექტური პოზიციები და გადავსულიყავით შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ ხელისუფლება თავისი ნებით იუარესებს თავის სუბიექტურ პოზიციებს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ისაუბრა საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმების პრინციპულ მნიშვნელობაზე, რომელიც მისივე თქმით, წინააღმდეგობას უქმნიდა საქართველოში საარჩევნო სისტემის განვითარებას. ამასთანავე, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის 5 %-იანი ბარიერის დაწესება არის ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ე. წ. ბონუსთან დაკავშირებით კი, რომელიც გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების მინიჭებას ითვალისწინებს,  განაცხადა, რომ პარლამენტი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას. მისი თქმით, მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. მისივე თქმით, მკაფიოდ რეგულირდება  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, ხოლო პროკურატურა გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო. მისი განცხადებით, ეს არის ის ცვლილებები, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს და  ქვეყნის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, სტატუსსა და არჩევის წესზე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია გადავიდეთ პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე და ამასთან დაკავშირებით გვაქვს არაერთი არგუმენტი."-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მან ყურადღება პირდაპირი არჩევნების დროს წარმოებულ საარჩევნო კამპანიის პირობებსა და გამოცდილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია აგებულია მძაფრ პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პრეზიდენტი  ვერ იქნება  ზეპარტიული, ვინაიდან  ასეთი არჩევნები განსხვავებით არაპირდაპირი არჩევნების წესისგან, არის წმინდა პარტიულ-პოლიტიკური.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებსა და ლეგიტიმაციას შორის ჩნდება  დიდი დისბალანსი.

„ეს დისბალანსი წარმოშობს პრობლემებს სხვადასხვა კუთხით, რასაც ადასტურებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. ასეთ დროს ჩნდება ხოლმე კონფლიქტები პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ მთავრობას შორის. ამის არა ერთი მაგალითი აქვს ევროკავშირის არა ერთ ქვეყანს. ესეც არის, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღები როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი სისტემა არის უმჯობესი პირდაპირი თუ არაპირდაპირი არჩევნები. ჩვენ გვაქვს ძალიან მაყარი არგუმენტები და მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემაში ჩვენ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირ არჩევნებზე,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ  საკონსტიტუციო ცვლილებები შეაჯამა. „ჩვენ ვცვლით დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობას დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით. ეს იყო მთავარი ამოცანა და ეს ამოცანა სრულდება. სათანადოდ არის დაბალანსებული ხელისუფლების შტოებს შორის და კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებები. კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეესაბამება არა მარტო ევროპულ გამოცდილებას, არამედ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. ეს თამამად შეიძლება ითქვას. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ჩვენ ავიღეთ არა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის გამოცდილება, არამედ გამონაკლისი ქვეყნების გამოცდილება, ეს არის ეგრეთ წოდებული ბონუსი. პარლამენტმა კომისიას დაუსახა  ამოცანა, რომ ჩამოეყალიბებინა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელშიც იქნებოდა  უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მიზანი, ეს ამოცანა არის სათანადოდ შესრულებული,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საყოველთაო-სახალხო  განხილვას კომისიის წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და  კომისიის წევრებმა მიმართეს, რის შემდეგაც განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.