”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ”ღამის მგლების” მოქმედებები, ალბათ, პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება. ამის შესახებ შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ”ასეთ იაფფასიან პროვოკაციებს არ ავყვებით”.
”ალბათ, მხოლოდ პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება ასეთი მოქმედებები, განსაკუთრებით ატრიბუტებით და ლენტებით, რომლითაც ისინი საქართველოში შემოვიდნენ. მაგრამ იმედი მაქვს, ასეთ იაფფასიან პროვოკაციებს არ ავყვებით და გავაგრძელებთ ჩვენს სწორ, თანმიმდევრულ პოლიტიკას, რაც არის ერთი მხრივ, არაღიარების პოლიტიკის მოთხოვნა მთელი ცივილიზებული სამყაროსადმი, რაც წარმატებით ხორციელდება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შალვა შავგულიძემ უპასუხა, რომ გაუჭირდება შეფასება დაირღვა თუ არა ”ოკუპაციის შესახებ კანონი”, ვინაიდან, არ იცის, როგორ შემოვიდა ლუჟკოვი საქართველოში.
”თუ ის შემოვიდა კანონის დარღვევით, რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება უნდა მოეხდინათ ჩვენს სამართალდამცავებს, უბრალოდ, მე არ ვიცი და ვერ მოვისმინე მკაფიო პოზიცია რა გზით გადმოკვეთა მან საზღვარი”, - განაცხადა შავგულიძემ.