საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე, როგორც კონსტიტუცია არ არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
„საფრანგეთის მაგალითი იყო აქ მოყვანილი. საფრანგეთი არის არასაპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემებში, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით, წარმოიშობა სისტემური პრობლემები. აქედან გამომდინარე, ეს მაგალითი არ იყო სწორად მოყვანილი - საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე როგორც, კონსტიტუცია არ არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოები კონსტიტუციის განმარტებისთვის, როგორც ჩანს, არ გამოდგება“, - განაცხადა კობახიძემ.
მანვე მოიყვანა ავსტრიის მაგალითი, როდესაც ნეონაცისტური მიდრეკილებების მქონე პრეზიდენტობის კანდიდატმა 46% აიღო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იქ, სადაც არის დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და უფლებამოსილებას შორის, ჩნდება პრობლემები.