სახელმწიფოში არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც კანონს აღასრულებდა

სახელმწიფოში არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც კანონს აღასრულებდა

კანონი დაირღვა და სახელმწიფოში არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც აღასრულებდა კანონს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კანონი დაირღვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და სახელმწიფოში არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც რეალურად აღასრულებდა კანონს. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა მელიამ.

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის და მისი მეუღლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა თავდაპირველად სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2009 წელს იმყოფებოდა, რასაც საქართველოს საგარეო სამინისტროს პროტესტი მოჰყვა.