ჩემს მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი ის უნიჭოდ დადგმული შოუა, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება

ჩემს მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი ის უნიჭოდ დადგმული შოუა, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი გერმანიაში წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. სოსო ოხანაშვილს „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.

როგორც ოხანაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, მას საქართველოში დარჩენის სურვილი აღარ ჰქონდა.

მისივე თქმით, გერმანიაში „სამსახურის გამო წავიდა“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დასაქმების შეთავაზება საქართველოშიც მიიღო.

„საერთოდ, ჩემს მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი, რა თქმა უნდა, ის უნიჭოდ დადგმული შოუა, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება.

საქართველოში უბრალოდ სურვილი აღარ მქონდა დარჩენის. დასაქმების შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ დარჩენის სურვილი - არა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ვარაუდობდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე შესაძლოა მისი დაკავებაც მომხდარიყო, ოხანაშვილის თქმით, ამის შიში ნამდვილად არ ჰქონია და საქართველოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება აღნიშნულს არ უკავშირდება.

„არა, ამიტომ არ წამოვსულვარ. მაგის შიში მართლა არ მაქვს. მე ოთხი შვილი მყავს და ოჯახს შენახვა ჭირდება“, - აღნიშნა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა.

სოსო ოხანაშვილმა საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.