პარტიული სისტემის ჩამოყალიბება თუ გვინდა, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს

პარტიული სისტემის ჩამოყალიბება თუ გვინდა, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს

პარტიული სისტემის ჩამოყალიბება თუ გვინდა, რაც დღეს არა გვაქვს, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, საარჩევნო ბლოკების გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პრინციპულია.

”საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 25 წელი გამოვიარეთ და პარტიული სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. განვითარების ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება სწორედ ბლოკის ინსტიტუტის მიერ იქმნება. თუ ჩვენ დღეს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას საარჩევნო ბლოკების გაუქმების თაობაზე, საქართველოში არასდროს პარტიული სისტემა არ ჩამოყალიბდება. თუ ჩვენ გვინდა იმავე ადგილზე დავრჩეთ, მაშინ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი უნდა დავტოვოთ. თუ გვინდა წავიდეთ წინ და ჩამოვაყალიბოთ პარტიული სისტემა, რაც დღეს არა გვაქვს, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი აუცილებელად უნდა გაუქმდეს. ეს არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო ბლოკების გაუქმების მიზანშეწონილობაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ დამატებითი პრობლემაა საბიუჯეტო სახსრების მითვისება და საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების მითვისება.