თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის გენერალურ პროკურორთან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი განიხილა

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის გენერალურ პროკურორთან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი განიხილა

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშნსთან ერთად ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი განიხილა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა თავისი ამერიკელი კოლეგა გიულენის მოძრაობის დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი დეტალების საქმის კურსში ჩააყენა.

აღსანიშნავია, რომ 15-17 მაისს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ვიზიტით ეწვევა. ერდოღანსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება იქნება, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

2016 წლის 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი ფეთჰულა გიულენს დასდო. თვითონ გიულენმა ეს ბრალდებები უარყო. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ჯამში დაახლოებით 32 ათასი ადამიანი დააკავეს, 100 ათასზე მეტი ადამიანი სახელმწიფო სამსახურებიდან დაითხოვეს.