პარლამენტში გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას სავარაუდო შემცვლელ კანდიდატურებზე უკვე საუბრობენ

პარლამენტში გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას სავარაუდო შემცვლელ კანდიდატურებზე უკვე საუბრობენ

უახლოეს პერიოდში პარლამენტის დღის წესრიგში ახალი გენრალური აუდიტორის არჩევის საკითხი დადგება. ლაშა თორდიას უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება.

გენერალური აუდიტორის კანდიდატურის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ აუდიტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს.

როგორც ამასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის კანდიდატურას შესთავაზებს პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. სააგენტოს კითხვაზე, აპირებს თუ არა აღნიშნულ საკითხზე პრემიერთან კონსულტაციის გავლას, კობახიძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტორის კანდიდატურის პარლამენტში წარდგენამდე, ამ თემაზე შეხვედრას ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართავს.

ამასთან, პარლამენტში უკვე სახელდება იმ პირთა გვარები, რომელთაც არაოფიციალური ინფორმაციით, თავად გააჩნიათ გენერალური აუდიტორის თანამდებობის დაკავების სურვილი. ამ კონტექსტში უკვე დასახელდა ”ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე. გენერალური აუდიტორის პოსტზე, სავარაუდოდ, განხილვის თემა იქნება გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის ნინო ლომჯარიასა და მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურებიც.

კანონმდებლობა გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მის ამ თანამდებობაზე ხელახლა წარდგენას არ კრძალავს, თუმცა პარლამენტში ლაშა თორდიას ახალი მანდატით არჩევას გამორიცხავენ.