აშშ-სგან საქართველომ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო

აშშ-სგან საქართველომ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას საქართველომ ყველა სტრატეგიული მიმართულებით დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე დიდი იმედით უყურებს აშშ-სთან მომავალ ურთიერთობებს.

„ვიცე -პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტი. ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების. ეს იყო მხარდაჭერა საქართველოს იმ ნაბიჯების, რომელსაც დგამს ქვეყნის განვითარებისა და რეგიონში სტაბილურობისთვის. განსაკუთრებულად აღინიშნა პრემიერის ლიდერობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს საკვანძო როლი რეგიონში და ის წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს შეერთებული შტატებისთვის, რაც ქმნის ყველა იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში გაღრმავდეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ვმუშაობთ სავაჭრო, ეკონომიკური, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების კონტაქტების მიმართულებით და ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას. მტკიცედ და მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის მტკიცე ნაბიჯების გადადგმას და ასევე გააგრძელებს ყველა იმ მხარდაჭერას, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალ ურთიერთობებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.