-აშშ-ის პრეზიდენტი შემოგვიერთდა, რათა მისალმებოდა საქართველოს პრემიერს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება

-აშშ-ის პრეზიდენტი შემოგვიერთდა, რათა მისალმებოდა საქართველოს პრემიერს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება

აშშ-ის პრეზიდენტი შემოგვიერთდა, რათა მისალმებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ პირად გვერდზე საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ წერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ქართულმა მხარემ მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვზეიმობთ ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. და აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ასევე ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.