ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეთრ სახლში ვიზიტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„პატივი მქონდა, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად, თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა, რის შემდეგაც, კვირიკაშვილი ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში ტრამპთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო.