პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა სტამბოლის კონვენციის თემაზე

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა სტამბოლის კონვენციის თემაზე

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ბორჯომში, სამუშაო შეხვედრას მართავს თემაზე - „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე".

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანა ზეცმა; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო გოგუაძემ და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

საქართველოს კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხზე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება გასულ კვირას მოახდინა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.

შეხვედრის ფარგლებში ოთხი სესია იმართება შემდეგ თემებზე: პრევენცია და ინტეგრირებული პოლიტიკა; კანონის დამრღვევებთან მუშაობა; მსხვერპლთა და რისკის ქვეშ მყოფ ქალთა უსაფრთხოების და დაცვის გარანტირება; და სტამბოლის კონვენციის მონიტორინგი.

ღონისძიების მონაწილეებს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა სტამბოლის კონვენციის სტანდარტებზე მოსაზრებები გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელიც ბენეფიციარ ქვეყნებს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლისა და პრევენციის სფეროში ეხმარება.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის საშუალებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები.