პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, 17-19 მაისის პლენარული სხდომების სავარაუდო დღის წესრიგზე იმსჯელეს.
კანონმდებლები მესამე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტთა პაკეტს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მოსმენით - საკანონმდებლო პაკეტებს: „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".
მომავალ პლენარულ სხდომათა დღის წესრიგშია ასევე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისა და პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივები სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის არის ექვსი კანონპროექტი, რომლებიც საგადასახადო კოდექსში ცლილებების შეტანას ითვალისწინებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ცვლილებები ერთ ინიციატივად იყოს წარმოდგენილი და არა ცალცალკე.
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, შენიშვნა მისაღებია, კანონპროექტების ასე წარდგენას ნამდვილად არ ჰქონია წინასწარ განზრახული მიზანი და შემდეგში ასე არ მოხდება, აღნიშნული ინიციატივები კი თითქმის ორი თვის წინ დარეგისტრირდა.
იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, ბიუროს უფლება აქვს კანონპროექტები უკან დააბრუნოს, თუკი მას ხარვეზები აქვს, ან წარმოდგენილი ინიციატივა სამუშაო პროცესისთვის ხელისშემშლელი შეიძლება იყოს.
ბიუროს სხდომის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს სასიამოვნო ტენდენცია ნამდვილად არაა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის წევრები კანონპროექტების მსგავსად წარდგენისგან მომავალში მაინც შეიკავებენ თავს.
პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების გარდა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტის განხილვაც იგეგმება. მათ შორისაა:
„საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება;
„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება;
„თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის" ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე" თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის #1/2016 გადაწყვეტილება.
პარლამენტის ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგ ორშაბათს გაიმართება, რომელიც 17-19 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგს კიდევ უფრო დააზუსტებს.