საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორგანიზებით, ღონისძიება - „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის" გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის შექმნილი „წიგნის ბანკი" თავიანთი შერჩეული წიგნებით შეავსეს.
ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მიმართა. მან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. „როდესაც ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება მხარი დაგვეჭირა ინიციატივისთვის, სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან დავინახეთ, რომ საზოგადოებაში არსებობს ინტერესი ქართული დიასპორების და ქართული ემიგრაციის მიმართ. მოვუწოდებ ყველას, პარლამენტის და მთავრობის თითოეულ წევრს, საზოგადოებას, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ ბრწყინვალე ინიციატივის განხორციელებაში და ბოლომდე მიყვანაში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ქართულენოვანი ბიბლიოთეკა შეიქმნას და დაფუძნდეს საზღვარგარეთის ქვეყნებში," - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორისა და ემიგრაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.
„ჩვენი ხელისუფლების მიზანი და ამოცანა არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დროს, საქართველოს, ქართველების, ჩვენი ემიგრანტების და დიასპორის საკითხი უნდა იყოს ყოველთვის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ვფიქრობ, იმ გადაწყვეტილებით, როდესაც ხელისუფლებამ ქართულ დიასპორასთან და ემიგრაციასთან ურთიერთობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩააბარა, ჩვენს ურთიერთობებს სერიოზული ბიძგი მიეცა და დიასპორის და ემიგრაციის სამშობლოსთან კავშირების განმტკიცებით და გააქტიურებით, მეტის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ, პარლამენტიდან ყოველთვის შევეცდებით და ყველანაირად შევუწყობთ ხელს საქართველოს ემიგრაციის და დიასპორების კავშირების განმტკიცებას და გამყარებას საქართველოსთან. ისე, რომ ეს პროცესი ორმხრივად იყოს საინტერესო, მომგებიანი და მომავალზე ორიენტირებული," - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიება ნაწილია ფართო კამპანიისა, რომლის განხორციელებასაც ორგანიზაცია (საია) ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. მას საფუძვლად სხვადასხვა ქვეყნის (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია) ქართული ემიგრაციის თხოვნა დაედო.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს და საქართველოში ევროკავშირის მისიას პროექტის მხარდაჭერისთვის.
ანა ნაცვლიშვილმა კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთერთი კომპონენტია დღევანდელი ღონისძიება.
„განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ძალიან პოზიტიურად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება დაიგეგმა. დიდი მადლობა ამისათვის ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ღონისძიება შესაძლებელი გახადა და ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის მისიას, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ მიგრაციის საკითხებზე საკმაოდ ფართომასშტაბიან და საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება არის სიმბოლო, როდესაც ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი ერთად დგას ამ საკითხთან მიმართებაში და მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება."
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეს პატარა საჩუქარი, რომელსაც ჩვენი ემიგრანტები მიიღებენ, განამტკიცებს მათ კავშირს სამშობლოსთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტს და ინიციატივის ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისია საქართველოში მიგრაციის მიმართულებით მომავალშიც აქტიურად იმუშავებს. „იმედი მაქვს და ჩვენი გეგმებიც ასეთია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას ამ მიმართულებით და ყველა ძალიან ფართოდ აფიშირებული თემის პარალელურად ასეთ მცირე და დიდ წამოწყებებსაც დაეთმობა მეტი ყურადღება.
ინიციატივის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქართულ კულტურულ ცენტრებსა და სათვისტომოებში ქართული წიგნის კუთხეები შეიქმნება და გამდიდრდება.