ერთი სატელიტი პარტია ვერ გამოძებნა ხელისუფლებამ, რომ კონსტიტუციის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტით საყოველთაო განხილვებმა აჩვენა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება მონაწილეობა არ მიეღო ამ ფარსში, სწორი იყო.
”ხელისუფლებას სურს შექმნას რაღაც ილუზია დარბაზში განხილვისა, სადაც ოპოზიცია ჩანს უმცირესობაში და თითქოს მთელი ხალხი მხარს უჭერს წარმოდგენილ ვარიანტს, როდესაც სინამდვილეში არავინ უჭერს მათ მხარს. ერთი სატელიტი პარტია ვერ გამოძებნა ხელისუფლებამ, რომ კონსტიტუციაში მხარდაჭერა განაცხადოს, არაფერს ვამბობ 85 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ უნდათ შექმნან ილუზია, რომ ეს არის ხალხის მიერ მოწონებული დოკუმენტი, ამიტომ ჩვენი გზა იყო სწორი. ჩვენ პირდაპირ მივალთ ხალხთან და არა ძალით მოყვანილ, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან. სინამდვილეში, ეს არის ბიუროკრატიული განხილვა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს პლებისციტის ჩატარებას პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ პრემიერი ამ პლებისციტს არ დანიშნავს, ვინაიდან ხელისუფლებას ხალხის აზრი არ აინტერესებს.