”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა” და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის საკონსტიტუციო განხილვის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბლოკები არის „პარტიებისთვის ფულის საკეთებელი სისტემა“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონკრეტული პარტიებიც დაასახელა, ვინც ამ გზით ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს, მათ შორის ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” კოალიციის ქვეშ არსებული ორი პარტია. მისი თქმით, მათ შორის ერთი პარტია არის სრულიად ფიქტიური, თუმცა ბლოკის გამო მათ 1 300 000 ეძლევათ.
აღნიშნულმა განცხადებამ ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სიცრუეში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ამ ფულს მათ აძლევს ხალხი და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. მათივე თქმით, უკვე მერამდენედ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამ საკითხზე ცრუობენ.
ამის შემდეგ უკვე პოლემიკაში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო. თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბლოკების სისტემის გაუქმება არის სრულიად სამართლიანი, რადგან ბიუჯეტიდან ფული არამიზნობრივად იხარჯება. ”გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან” ერთად მან ”პატრიორტთა ალიანსში” შემავალი პარტიებიც დაასახელა და განაცხადა, რომ ერთი პარტიის გარდა ყველა ფიქტიურია. ამის შემდეგ კობახიძეს ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა მიმართეს, რომ სწორედ ამ პარტიაშია მისი მამაც, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არაეთიკური განცხადებებია.
ამ დაპირისპირების შემდეგ ბათუმში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დასრულდა.