კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ბათუმში

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ბათუმში

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დღეს შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობასთან გამართეს. საკონსტიტუციო განხილვას კომისიის წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტზე, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. „ეს იყო ყოველდღიური დაუღალავი მუშაობა, რომლის საფუძველზეც მომზადდა 2 კანონი: ერთი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში, ხოლო მეორე - ახალი კონსტიტუციური კანონის მიღებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის საფუძვლიანი გადასინჯვის მიზეზი, მოქმედი კონსტიტუციის და კონსტიტუციური კანონის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო და ასევე დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის დახვეწა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა გახლდათ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეიმუშავა კონსტიტუციის ვერსია, რომელიც სრულიად ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში მმართველობის სისტემას და ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი უამრავ ხარვეზს შეიცავდა, რის გამოც საჭირო გახდა ახალი დოკუმენტის მომზადება. მისივე ინფორმაციით, დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის წევრებად წარმოდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. „აჭარის ხმა სრულად ისმოდა კომისიაში და ჩვენ სრული კონსესუსის საფუძველზე შევიმუშავეთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შეხაებ" ახალი კონსტიტუციური კანონი  არის დახვეწილი, აქვს მარტივად და კარგად აღქმადი სტრუქტურა და შედგება 5 მუხლისგან. რაც შეეხება ზოგად პრინციპებს, ისინი რჩება ძალაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტი მუხლობრივად  გააცნო მოსახლეობას.

„პირველი მუხლი ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის განუყოფელი ტერიტორიული ერთეული. მას აქვს თავისი სიმბოლოები, თავისი კონსტიტუცია, რომელიც ორგანული კანონით მტკიცდება. მას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი. სტატუსის ძირითადი ნიშნები რჩება ძალაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული კონსტიტუციური კანონის მეორე მუხლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებს ეძღვნება. „აქ გვქონდა განსაკუთრებული იურიდიული ხარვეზები. მთავარი პრობლემა იყო კომპეტენციების გადაფარვა ცენტრალურ, ადგილობრივ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციური კანონით ეს საკითხები მოწესრიგებულია. კონსტიტუციურ კანონში ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ კომპეტენციებს. „ამით სრულად გაიხსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციების არეალი, რაც აჭარის ხელისუფლებას მისცემს იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები და ამოცანები ნებისმიერ სფეროში", -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მესამე მუხლის შესახებ საუბრისას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეძღვნება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ფორმირების პრინციპები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის განსაზღვრული, თუმცა მოწესრიგებულია ინსტიტუციური მოწყობის პრინციპები. იგივე ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მარეგულირებელ ნორმებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები მესამე მუხლში გაფართოებულია იმ კუთხით, რომ დღეს თუ მინისტრების დანიშვნას ესაჭიროება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ეს შეთანხმება აღარ იქნება საჭირო მთავრობის ფორმირების პროცესში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ აჭარის მოსახლეობას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო.

პირველ თავზე საუბრისას მან ოთხი ფუნდამენტური  პრინციპი გამოყო, რომელსაც მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება: 1)დემოკრატიის პრინციპი, 2)სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, 3)სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და 4)ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. „ეს პრინციპები მოქმედ კონსტიტუციაშიც არის მოხსენიებული, მაგრამ ჩაკარგულია. ჩვენ თითოეულ ამ პრინციპს დავუთმეთ ცალკე მუხლი. თითოეული ეს მუხლი უზრუნველყოფს ამ პრინციპების რეალიზების კონკრეტულ გარანტიებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობის საკითხი კომისიამ ცალკე განიხილა. „კომისიამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ არსებითად არ გადაესინჯა ტერიტორიული მოწყობის საკითხები საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენს კონსტიტუციაში 1995 წელს ჩაიდო გზავნილი, რომლის თანახმადაც ცენტრალური ხელისუფლება არ შეეხება ტერიტორიული მოწყობის საკითხებს მანამ, სანამ არ დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და ვიდრე არ გახდება შესაძლებელი კონსულტაციების წარმოება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან. ჩვენ მათ გარეშე არ შევეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შეიქმნა ახალი მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას კონსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს.

ადამიანის ძირითად უფლებებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გაამახვილა.

„აქ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას უზრუნველყოფს. ჩნდება ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული. მაგალითად, ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, გენდერული თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლება, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, სამეწარმეო თავისუფლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იზრდება სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხი, დგინდება  მისი იმუნიტეტი  და ფართოვდება უფლებამოსილებები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ფინანსებისა და კონტროლის თავის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას გაითვალისწინა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სხვა შესაბამის უწყებებს ჰქონდათ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კონსტიტუციის ბოლო თავში - გარდამავალი დებულებების თავში განხორციელდა მნიშვნელოვანი დამატება, სადაც კონსტიტუციური ორგანოებისთვის გაწერილია ამოცანა, რომ მათ მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „ჩვენს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო კურსი. ჩვენი საგარეო პრიორიტეტი, პირდაპირ არის ასახული საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მმართველობის სისტემის საკითხებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციაზე მუშაობისას მხედველობაშია მიღებული ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციები და მოსაზრებები. „არსებობს, როგორც ვიცით, ხელისუფლების სამი ძირითადი შტო - საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. ამ სამ ძირითად შტოს განასახიერებს საქართველოში, შესაბამისად,  საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც თავის მხრივ, შედგება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემისგან. მთავარი არსი არის ის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი პარლამენტი, ძლიერი ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამ სისტემის მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს სისტემის საერთო ფუნქციონირების მეთვალყურეობას. ეს არის საერთო სულისკვეთება იმ ცვლილებების, რომელიც შემუშავებულია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა ახალი კონსტიტუციით გაძლიერდეს პარლამენტი. „სუსტი პარლამენტი არის არსებული კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება, რაზეც თავის დროზე ვენეციის კომისია საუბრობდა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, ეს ხარვეზი ახალ კონსტიტუციაში არის სრულფასოვნად გამოსწორებული. მისი თქმით, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის როლი. მისივე განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება მიეცემა საპარლამენტო უმცირესობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა შერეული საარჩევნო სისტემიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. მისი შეფასებით, სამართლებრივი კუთხით არსებული სისტემაც არ არის პრინციპებთან შეუსაბამო, თუმცა მან გაიხსენა გასული წლების გამოცდილება, როდესაც ამ სისტემამ წინა ხელისუფლებების პირობებში 2-ჯერ გახადა შესაძლებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. „ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა მაშინ ბოროტად იქნა გამოყენებული, რამაც უზრუნველყო საქართველოში ჯერ ნახევრად ავტორიტარული, ხოლო შემდეგ ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, პირველად ხდება საქართველოში ის, რომ მმართველი ძალა, ხელისუფლება თავისი ხელით იუარესებს თავის სუბიექტურ პოზიციებს და ეს კეთდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მან ისაუბრა საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმების პრინციპულ მნიშვნელობაზე, რომელიც მისივე თქმით, წინააღმდეგობას უქმნიდა საქართველოში საარჩევნო სისტემის განვითარებას. ამასთანავე, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის 5 %-იანი ბარიერის დაწესება არის ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას. დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28 მოსამართლით განისაზღვრება. მისივე თქმით, დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, ხოლო პროკურატურა გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ახალ რედაქციაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის შესახებ. მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და  საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. „ეს არის 3 ძირითადი ნიშანი პრეზიდენტის სტატუსის. ეს სამივე ნიშანი რჩება ძალაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, მისი თქმით, არის მხოლოდ 2 მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი ეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელთან მიმართებაშიც არსებობდა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ექსპერტები 2010 წელს საუბრობდნენ ამაზე, რომ საპარლამენტო სისტემაში არ შეიძლება მოქმედებდეს არსებული სახით ეროვნული უშიშროების საბჭო.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.