ახლა, როცა შსს-ს აქვს ინფორმაცია იური ლუჟკოვის მიერ ქართული კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, შესაბამისი ზომები გატარდება

ახლა, როცა შსს-ს აქვს ინფორმაცია იური ლუჟკოვის მიერ ქართული კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, შესაბამისი ზომები გატარდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ახლა, როდესაც შსს-ს აქვს ინფორმაცია მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, შესაბამისი ზომები გატარდება.

„მე რამდენადაც ვიცი, საზღვარზე არ იყო ცნობილი ის, რომ ამ პიროვნებას დარღვეული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა და ახლა, როდესაც შსს-ს უკვე აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, გატარდება შესაბამისი ზომები. ოღონდ ეს იმ უწყების გადასაწყვეტია, რომელიც ამაზე მუშაობს - შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის და მისი მეუღლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა.

ცნობისთვის, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2009 წელს იმყოფებოდა, რაზეც საქართველოს საგარეო სამინისტროს პროტესტი მოჰყვა.