პარლამენტი იმ პროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც, პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება

პარლამენტი იმ პროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც, პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც, პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება.

კანონოროექტების პაკეტის განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

"ცვლილებები ახლებურად არეგულირებს ექსპროპრიაციის შემთხვევებში საკუთრების საკითხებს. დგინდება, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში მესაკუთრესთან ხდება წინასწარი მორიგება სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით და ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება საგამონაკლისო წესით საკუთრების გადასვლა მესაკუთრისგან სხვა პირზე, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით",- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება, რაც ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გავრცელდება.

კერძოდ, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონპროექტით, სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

ამასთან, საკუთრების ჩამორთმევისა და ექსპროპრიატორზე ამ უფლების გადასვლის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის) შემდეგ, ექსპროპრიატორი არ ახდენს საკუთრების დაუყოვნებლივ წამოღებას. კანონპროექტით განისაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც უკვე ყოფილმა მესაკუთრემ ექსპროპრირებული ქონება უნდა გაათავისუფლოს. კერძოდ, ეს ვადა ისეთ მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული, არის არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - არა უმეტეს 14 კალენდარული დღე.

ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება მოითხოვოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიციას ნაწილობრივ უბრუნდება ”საპოლიციო გამოსახლების“ ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში.

მთავრობა პარლამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ მოქმედი კანონის გაუქმებასა და ახლის მიღებას სთავაზობს. პარლამენტში წარდგენილია და პირველი მოსმენით განიხილება რვა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწერა.