საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

სასტუმრო "ბილთმორში“, საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრებენ, როგორც კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ასევე იმ კონკრეტულ კანონებზე, რომელიც ბიზნესს აწუხებს.

"ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელზეც არ მინდა წინასწარ ვთქვა. მთავარი ჩვენი მიზანი არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობაზე შევთანხმდეთ, დავანახოთ, რომ ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ჭირაქაძემ.

კითხვაზე, რომელი კანონია, რომელიც ბიზნესს აღელვებს, ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ "ძალიან ბევრი კანონია".

"მათ შორის არის კანონი, რომელიც ეხება მიწის გასხვისების თემას. ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს აქ, რომ მიწასთან დაკავშირებით საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ხელისუფლება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მიწის გასხვისება შენარჩუნდეს უცხოელებთან დაკავშირებით. რაღაც რეგულაციები შეიძლება იყოს, მაგრამ რა რეგულაციები იქნება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ პოზიციები დავაფიქსიროთ.დღეს, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონსტიტუციაში არ ჩადოს ეს ფაქტი, ძალიან სწორია“,- განაცხადა ჭირაქაძემ.