ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს – ასევე შიდა ქართლის გამგებელს დაავალა, რომ უახლოეს პერიოდში დაეწყოთ მუშაობა ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლებისათვის სასმელი და სარწყავი წყლის მომარაგების აღდგენაზე.
ამ განცხადებამ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაში დიდი იმედები გააჩინა, რომ მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემა შესაძლებელია ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულიყო. ისევე როგორც ადგილობრივი გლეხები, მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, დაინტერესუბულია იმით, თუ როგორ და რა ტემპებით მოგვარდება აღნიშნული პრობლემა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ პერიოდულად ცნობილი გახდეს, თუ რა კეთდება ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლების წყლით მომარაგებისათვის.
ამჟამად, არსებული სიტუაცია უცვლელია. არავინ მოელოდა, რომ პრეზიდენტის ბრძნებისთანავე, რეგიონში მინისტრები მსწრაფლ საქმეზე გადავიდოდნენ, ამიტომ, ადგილობრივებს ხელისუფლების ამჟამინდელი ინერტულობა არ აკვირვებთ.
მევლუდ ქრისტესიაშვილი, ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ჯერჯერობით სიტუაცია ზუსტად ისეთივეა, როგორც აქამდე იყო. ყოველდღე ველოდებით, რომ ჩამოვა ხალხი და სიტუაცია ადგილიდან დაიძვრება. ზამთარში სარწყავი ისედაც არავის გვჭირდება და ჩვენ მომავალ ზაფხულამდე ნამდვილად არსად გვეჩქარება, მაგრამ თუ მომავალ ზაფხულამდე ვერაფერი გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ აქეთ დარჩენილ ქართულ სოფლებში აღარავინ გაჩერდება.
რაც ამჟამად შეიძლება გაკეთდეს, ის არის, რომ ჩაატარონ აზომვები და დაიგეგმოს ყველაფერი. ისე, სანამ თოვლი მოსულა, არხების გათხრის დაწყებაც შეიძლება, თუმცა ინჟინრებმა ყველაფერი ჩვენზე კარგად იციან. ზაფხულამდე თუ მოესწრება, ჩვენ დახმარების მეტს, არაფერს გავაკეთებთ. იმედა, ამჯერად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა“
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოკოითის ხელისუფლება სარწყავი წყლის გადაკეტვის შემდეგ, ამ თემით საქართველოს მთავრობასთან კარგა ხანი ვაჭრობდა და სარწყავი წყლის სანაცვლოდ, ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას მოითხოვდა. ქართული მხარე ამ პირობაზე არ თანხმდებოდა, რადგან, არავისთვის იყო დასამალი, რომ გაზს ახალგორში მყოფი ოკუპანტებიც მოიხმარდნენ.
თუკი ხელისუფლების დაპირებას დავეყრდნობით, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა მომავალი სარწყავი სეზონისთვის უნდა მოუგვარდეს. როგორც ამბობენ, სარწყავი ნაგებობა ექვსი აგრეგატისაგან უნდა შედგებოდეს და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მეშვიდე აგრეგატის შექმნაზე, რაც ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მორწყვას სრულიად უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი საწყის სტადიაშია და შესაძლოა, 2011 წლის დასაწყისში მომზადდეს და გაზაფხულზე განხორციელდეს.
რაც შეეხება მოხმარებული წყლის გადასახადს, სავარაუდოდ, გლეხები მას იდენტიფიცირებისა და ინდივიდუალური ხელშეკრულების შესაბამისად გადაიხდიან.
იაგო ფაშერაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “მთავარია სარწყავი ფიზიკურად გაკეთდეს და, წყლის გადასახადი ძალიან დიდი თუ არ იქნება, გავიჭირვებთ და ყველა გადავიხდით. კარგად ვიცით, რომ უფასო არაფერია ქვეყანაზე და თუ რამე გინდა, ფულიც უნდა გადაიხადო. თუმცა, რაც მთავარია ჯერ სარწყავი გაკეთდეს და იმედია, რამენაირად გადასახადზე შევთანხმდებით მთავრობასთან.
100 და 200 ლარს ნამდვილად ვერ შეწვდება აქაური მოსახლეობა, თუმცა 20–30 ლარს გავიჭირვებთ და ავად თუ კარგად, გადავიხდით. ზოგი იმასაც ამბობს, სარწყავი წყალი მთლად უფასო იქნებაო. მაგას რა აჯობებს, თუმცა მთავარია იყოს წყალი, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“
მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება სოფელ ერგნეთის მორწყვასთან დაკავშირებით. სოფელი ერგნეთი, ნიქოზის კაშხალზე უფრო მაღლა მდებარეობს, ამიტომ სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდება შეუძლებელია. ამ საკითხზე პროექტზე მომუშავე ინჟინრებს გარკვეული პრობლემები აუცილებლად შეექმნებათ, თუმცა ერგნეთი, როგორც ომის შემდეგ ერთ–ერთ ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელი, (ერგნეთში სახლების 70% დამწვარი და დანგრეულია) სარწყავი პროექტის მიღმა არ უნდა დარჩეს.
იმ ფაქტმა, რომ საქართველოში კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების წყლით მომარაგებაზე საუბარი როგორც იქნა დაიწყო, როგორც ჩანს ძალიან შეაშფოთა სეპარატისტული ხელისუფლება. ახალგორის ოსური ადმინისტრაცია, ახლა მცხეთისა და დუშეთის რაიონებისთვის წყლის გადაკეტვით იმუქრება.
მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლების ნაწილი მდინარე ქსნიდან მარაგდება და ახალგორიდან წყლის გადაკეტვა შესაძლებელია, თუმცა, ამ დროისთვის წყალი მოსახლეობას მიეწოდება. იმედია, ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლების ბედს დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებიც არ გაიზიარებენ.