პოპ–პორტრეტები: პიტერ გრინი – Man Of The World

პოპ–პორტრეტები: პიტერ გრინი – Man Of The World

ერთ საღამოს, სარეპეტიციოში თეთრი ბლიუზის მამამთავრად წოდებული ჯონ მეიალი ერიკ კლაპტონის ნაცვლად ახალ ემპლიფაიერთან ერთად გამოჩნდა. “კი მაგრამ, სად არის კლაპტონი, ხომ დროა უკვე დავიწყოთ?” – კითხა ხმის ჩამწერ ფირმა Decca–ს პროდიუსერმა, მაიკ ვერნონმა ჯონ მეიალს, რაზედაც The Bluesbreakers-ის სულის ჩამდგმელისაგან შემდეგი პასუხი მიიღო: „ერიკ კლაპტონი ჩვენთან აღარ არის, სამაგიეროდ უკეთესი გვყავს“.

- ერიკ კლაპტონზე უკეთესი?

- ჯერჯერობით ისეთივეა, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდესი გიტარისტი გახდება... - აი ასეთი იყო ჯონ მეიალის ვერდიქტი 

21 წლის გიტარისტ პიტერ გრინის შესახებ, რომლის შესახებაც თვით ბი ბი კინგი აღნიშნავდა, რომ იგი მსოფლიოში ერთადერთი გიტარისტია, ვის ბგერაზედაც ტანთ ჟრუანტელი უვლის... 

ჯონ მეიალის თქმისა არ იყოს, ეს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ გიბსონ ლეს პოლზე ბლიუზური დაკვრის უბადლო ოსტატად პიტერ გრინი სწორედ იმ პერიოდში ყალიბდებოდა, როდესაც იგივე კლაპტონი და პეიჯი მისგან განსხვავებით, ჟღერადობის სიმძლავრისკენ მიისწრაფვოდნენ. პიტერ გრინის მთავარი კრედო კი გიტარის ბგერის სინატიფეში გამოიხატებოდა, რასაც კლაპტონმა 70–ების დეპრესიიდან გამოსვლის შემდეგ მიხედა, ხოლო პეიჯმა კი Achilles Last Stand-სა და Tea For One-ში.

ერიკ კლაპტონისა არ იყოს, The Bluesbreakers პიტერ გრინმაც ერთადერთი სტუდიური ალბომის – A Hard Road გამოსვლის შემდეგ მიატოვა. აქ მან ორი შედევრი – ინსტრუმენტალი The Supernatural და The Same Way დატოვა. იმავე 1967 წელს კი მომავალში Camel-ის პიანისტ პიტერ ბარდენთან თანამშრომლობისას, დრამერი მიკ ფლიტვუდი გაიცნო. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ლეგენდარულ ინგლისურ ბლიუზ ბენდ Fleetwod Mac–ს.

საინტერესო იყო კოლექტივის სრული სახელწოდება, რომელმაც სიტყვების რაოდენობით თვით Chicago Transit Authority-ის გადააჭარბა - Peter Green's Fleetwood Mac featuring Jeremy Spencer… მეორე – ძირითადად სლაიდ გიტარისტ ჯერემი სპენსერთან ერთად, პიტერ გრინმა შექმნა ბრიტანული ბლიუზის ვინძლო ყველაზე გამოხატული თვითმყოფადი ჟღერადობა, რომლის მეშვეობითაც მუსიკოსებს ფართე არეალი ეხსნებოდათ ბლიუზური კომპოზიციების ახალი გზით წარმოსაჩენად. 

ფსიქოდელიურ პრიზმაში გატარებულმა რეპერტუარის საოცარმა სიღრმემ პიტერ გრინს ისეთი ინსტრუმენტული კომპოზიცია შეაქმნევინა, რომლის დარსაც ჯეფ ბეკის გარდა, ვერც ერთი ბრიტანელი ბლიუზ გიტარისტი ვერ წარმოიდგენდა. Albatross მსმენელს ფანტაზიის გრძნობას უმძაფრებს, თანაც ბლიუზსაც არ ჰღალატობს და ბრწყინვალედ ავსებს მთლიანობაში ბლიუზურ ალბომ English Rose–ს, რომელიც პიტერ გრინის კიდევ ორი სიმღერით – Stop Messin’ Around-ითა და მალე კარლოს სანტანას მიერ შესანიშნავად გადამღერებული Black Magic Woman–ითაა აღსანიშნავი. საოცრად ლაღმა და იმავდროულად მელანქოლიურმა Albatross–მა კი ბრიტანულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 1969–1970 წლებში პიტერ გრინმა კიდევ სამი უკვდავი სიმღერა, რომელთა მსგავსი მის შემოქმედებაშიც კი არ მოიპოვება – Oh Well, Man Of The World და Green Manalishi შექმნა.

გრინთან ერთად საოცრებებს თავის მხრივ ჯერემი სპენსერიც ჰქმნიდა და ამერიკაში მალე Fleetwood Mac უკვე დიდმა შავკანიანმა ბლიუზმენებმა დააფასეს. 1969 წელს სრულიად შემთხვევითა და სპონტანურად, მსოფლიო ბლიუზური მუსიკის საგანძურს ალბომთა შორის ალბომი, ორდისკიანი Fleetwood Mac In Chicago მოევლინა. სტუდიაში ბრიტანელ ყმაწვილებთან ერთად მუშაობა დიდმა ბლიუზმენებმა – ბას გიტარისტმა და კომპოზიტორმა ვილი დიქსონმა, პიანისტმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა ოტის სპენმა, გიტარისტმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ბადი გაიმ და ჰარპისტმა ჯი ტი ჰორტონმა მოისურვეს... სტუდიური ლაივი რაღა თქმა უნდა Chess Records-მა გამოსცა. შეუძლებელია რომელიმე აქაური სიმღერის გამოყოფა. უბრალოდ ერთს აღვნიშნავთ, რომ სიმღერებს შორის მუსიკოსების საუბრის ხმა ისმის, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს მოსმენის პროცესს და მსმენელს უმძაფრებს იმ ბლიუზური ატმოსფეროს აღქმის უნარს, რომელშიც Blues Jam in Chicago იწერებოდა... 

აქ პიტერ გრინის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი სრულდება, რადგან თავი იჩინა Albatross –ისა, თუ Green Manalishi–ის თანმდევმა LSD-ს მუდმივმა ჭარბმა რაოდენობამ, რამაც მუსიკოსი კინაღამ მოსპო კიდევაც. პიტერ გრინმა ჯგუფთან ერთად უკანასკნელად 1970 წლის 20 მაისს დაუკრა, ხოლო კონცერტის შემდეგ ჯერემი სპენსერს ასეთი რამ განუცხადა: „დღეს ყველაფერი ძალიან მაგრად გამომდიოდა. ასეთი გრძნობა დაკვრის დროს არასოდეს განმიცდია“... 

მიუხედავად ამისა, Fleetwood Mac – მა გრინის გარეშე განაგრძო არსებობა და მომავალში უდიდეს კომერციულ წარმატებებს მიაღწია, ხოლო პიტერ გრინი კი სცენას ძალიან ცოტა ხნით ნაიჯელ უოტსონთან ერთად დაუბრუნდა. მალე მას შიზოფრენია დაუდგინეს და მუსიკოსი მთელი 5 წლის განმავლობაში არათუ სცენას გაჰკარებია, საავადმყოფოდანაც კი არ გამოსულა... მკურნალობის პროცესს კი ციხეც მოჰყვა Fleetwood Mac – ის მენეჯერ კლიფორდ დევისზე თოფით შეიარაღებული თავდასხმის გამო...

ერთწლიანი პატიმრობის თავზე პიტერ გრინმა 1979 წელს პირველი სოლო ალბომი In The Skies ჩაწერა, რომელშიც ბლიუზური შედევრი A Fool No More გამოირჩეოდა. აღსანიშნავია ალბომში რობინ ტრაუერის დრამერ რეგ ისიდორისა და ძველისძველ პარტნიორ – პიანისტ პიტერ ბარდენის მონაწილეობა. 1983 წელს პიტერ გრინმა ახალ ბლიუზ ბენდ Katmandu–ს ერთადერთ ალბომში, Atomic Rooster–ის უინსენტ ქრეინთან და წარსულში ოზი ოსბორნისა და Mungo Jerry-ის მუსიკოსებთან ერთად დაუკრა. 

იდეურ კრიზისში მყოფი მუსიკოსების ბევრი არაფრის მთქმელი ალბომი 1985 წელს გამოვიდა. პიტერ გრინის ნამდვილი სოლო შემოქმედება კი თურმე 1997 წელს უნდა გაჩაღებულიყო, როდესაც მან გიტარისტ ნაიჯელ უოტსონთან და თავდაპირველად დრამერ კოზი პაუელთან ერთად, სასწაული კოლექტივი – Peter Green’s Splinter Group შეკრა, რომელთან ერთადაც 2004 წლის ჩათვლით არაერთი საინტერესო სტუდიური, თუ საკონცერტო ალბომი ჩაწერა. 2003 წელს ჯგუფის მოღვაწეობა საუცხოოდ აღწერა ორდისკიანმა DVD–მ, რომლის პირველი ნაწილი აკუსტიკურია. 2004–ში მან მოულოდნელად დატოვა ჯგუფი და შეუერთდა The British Blues All Stars–ს, რომელსაც თავის მხრივ ტურის შეწყვეტა Colosseum–ის საქსოფონისტ დიკ ჰეკსტოლ–სმიტის გარდაცვალების გამო მოუწია...

2009 წელს ლეგენდარული ინგლისელი ბლიუზმენის შესახებ BBC–მ 

დოკუმენტური ფილმი Man Of The World გადაიღო, რომლის ლაიტმოტივიც რა თქმა უნდა ეს საოცრად თბილი სიმღერაა. ნუთუ მისი შექმნის დროს პიტერ გრინი გრძნობდა, რომ ასეთი სახელწოდების მქონე კომპოზიცია მისთვის ავტობიოგრაფიული გახდებოდა და შესანიშნავად მოერგებოდა იან ანდერსონის ფლეიტასაც კი? მის სიმღერებს Jethro Tull–ის ლიდერის გარდა, შესანიშნავად ასრულებენ არტურ ბრაუნი, კენ ჰენსლი, რორი გალახერი და რაღა თქმა უნდა მისი „სულიერი შვილი“ გარი მური...

ამ მუსიკოსების აზროვნების სპექტრიდან გამომდინარე ცხადია, თუ რაოდენ მრავალფეროვანია პიტერ გრინის დანატოვარი მუსიკალური საუნჯის სპექტრი. მის ბლიუზებსაც კი Man Of The World –ის ხელწერა ამშვენებს.