27 მაისს თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ აქციაზე კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ სცენაზე საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორ, პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად ჰიმნის შესასრულებლად მომღერალი ნატო მეტონიძე იხმო და საქართველოს ჰიმნი, ფაქტობრივად, მიტინგზე მყოფმა ასობით ათასმა ქართველმა ქალბატონ ნატოსთან ერთად იმღერა.
- საქართველოს ჰიმნის შესრულება ყოველთვის უდიდესი პატივია მომღერლისთვის, ჩემთვის კი განსაკუთრებულად დიდი პატივი იყო მაშინაც, 2009 წლის 26 მაისს სტადიონზე რომ შევასრულე და ხალხმა ჩემთან ერთად იმღერა და ახლაც, 27 მაისს "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ აქციაზე. ვფიქრობ, ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა იმ ადამიანებისადმი, ამ აქციებზე რომ დადიან და სიმართლეს ეძებენ. მათთან ერთად მეც ვეძებ სიმართლეს და ამიტომ რაღაცნაირად ამ ადამიანების თანამოაზრეც ვარ.
- სხვათა შორის, ამჯერადაც შემოგიერთდნენ სიმღერისას საკუთარი სიმართლის მაძიებელი ადამიანები, თანამოაზრენი, როგორც მათ უწოდეთ.
- 2009 წლის 26 მაისს სტადიონზე ხალხი გარშემო, წრიულად იჯდა და ისეთი ძლიერი და ბევრი ხმა მოისმოდა, საკუთარი აღარ მესმოდა. ერთიანობის საოცარი განცდა დამეუფლა, რადგან ამ სივრცეში მარტო აღარ ვიყავი. ის განცდა არასდროს დამავიწყდება. ახლაც, სიმღერის დაწყებამდე სცენაზე დავით მაღრაძეს ვეკითხებოდი, ხალხი ხომ იმღერებს ჩემთან ერთად-მეთქი? - რა თქმა უნდა, აბა, რაო, - დათომ დამამშვიდა და ასეც მოხდა.
- წელს, 26 მაისს კი ქუთაისში საქართველოს ჰიმნის შესრულების პატივი ახალბედა მომღერალს, ანა ხანჩალიანს არგუნეს.
- ჰიმნი ყველასია, ყველას შეუძლია იმღეროს და ყველამ უნდა იმღეროს, ოღონდ გააჩნია, ამ ჰიმნში რას დებ, რომელ თავისუფლებას უმღერი და როგორ საქართველოს გულისხმობ, როდესაც მღერი. ეს არის მთავარი. მე ჩემს საქართველოს, როგორიც წარმომიდგენია და როგორიც მინდა იყოს, ისეთ საქართველოს ვუმღერი.