დავით რაქვიაშვილი - ხელისუფლებისა და სპეცრაზმის პასუხით რა შედეგიც დღეს დილით გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგია

დავით რაქვიაშვილი - ხელისუფლებისა და სპეცრაზმის პასუხით რა შედეგიც დღეს დილით გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგია

ხელისუფლებისა და სპეცრაზმის პასუხით რა შედეგიც დღეს დილით გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგია, რადგან მოხდა შეკავება და აღარ გავრცელდა ეს კრიზისი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განუცხადა. 

პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბათუმში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. 

დავით რაქვიაშვილი და გიორგი აბაშიშვილი პირველ შეხვედრას ცოტა ხანში, შს მინისტრთან და აჭარის მთავრობის წევრებთან გამართავენ.
”სიტუაცია დასტაბილურებულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვანდალური აქტი აღარ გრძელდება. პროცესის მართულობასა და ისეთ დეტალებზე საუბარი, როგორიცაა ქვებისა თუ სხვა რაღაცების დაგროვება, ალბათ, უფრო შსს-ს კომპეტენციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, არ ვიჩქარებდი და არ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში ამ მიმართულებით. ხელისუფლებისა და სპეცრაზმის პასუხი ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რა შედეგიც დღეს დილით გვაქვს, კარგი შედეგია, რომ მოხდა შეკავება და აღარ გავრცელდა ეს კრიზისი”, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.