ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტს მიმართავს, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს, სადაც განხილული იქნება ოკუპაციის ხაზთან არსებული მდგომარეობა

ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტს მიმართავს, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს, სადაც განხილული იქნება ოკუპაციის ხაზთან არსებული მდგომარეობა

”ნაციონალური მოძრაობა” მთავრობისგან იმ მექანიზმებისა და ზღუდეების აღდგენას ითხოვს, რომელიც „საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის არსებობდა“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან მძიმე ვითარებაა შექმნილი, რისი დასტურიც დღეს მომხდარი შემთხვევაა, როდესაც ოკუპანტებმა პოლიციის ოფიცერი გაიტაცეს.

”ოკუპაციის ხაზთან დღეს მოხდა მორიგი ინციდენტი. როგორც შსს აცხადებს, თითქოს გაუგებრობაა, სინამდვილეში კი ჩვენი მოქმედი ოფიცერი, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იქნა გატაცებული და შემდეგ გათავისუფლებული. თვითონ ეს ფაქტი გვაძლევს იმის უფლებას, გავამახვილოთ ყურადღება იმ ვითარებაზე, რაც ხდება ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ გატარებული მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, ოკუპაციის ხაზთან არსებული შესაბამისი დაცვის მექანიზმები სრულად მორღვეულია და იქ გვაქვს ისეთი ფაქტები, რომელსაც ადრე ადგილი არასდროს არ ჰქონია, მათ შორის ჩვენი მოქალაქის ოთხოზორიას მკვლელობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ. ეს ოკუპანტი დღემდე დაუსჯელი დადის. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და გვინდა, პირველ რიგში მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს - უმოკლეს ვადაში მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭო, რათა განხილული იქნას ოკუპაციის ხაზთან არსებული მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეებისა და საქართველოს ინტერესების დაცვის მდგომარეობა”, - განაცხადა გია ბარამიძემ. 

”ნაციონალური მოძრაობა” ასევე ყველა იმ პირის მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვს, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ უკანონო მოქმედებები განახორციელეს. 

”მოვითხოვთ მთავრობისგან, სასწრაფოდ აღადგინოს ის ზღუდეები და მექანიზმები, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები და ოკუპანტმა, მიუხედავად მისი ძლიერებისა, ვერ შეძლოს ასე თამამად და დაუსჯელად იმოქმედოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. მოვითხოვთ ასევე უსწრაფესად იქნას მიღებული ყველა ზომა იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს ინტერესებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები, კერძოდ, მათ წინააღმდეგ, ვინც მოკლეს თუ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები. იქნას ამოქმედებული ყველა შესაბამისი მექანიზმი, საერთაშორისო თუ სხვა მექანიზმი, რომელიც აუცილებელი ამ მიზნის მისაღწევად”, - განაცხადა ბარამიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ.მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, თორნიკე აბლოთიასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც მოგვარებულია. 

ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებდნენ. მათი ინფორმაციით, პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.