მამუკა მდინარაძე - დღესაც ვიწვევთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიაში, თუ სურთ მუშაობა და არა პოლიტიკურ სპექტაკლებში მონაწილეობა

მამუკა მდინარაძე - დღესაც ვიწვევთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიაში, თუ სურთ მუშაობა და არა პოლიტიკურ სპექტაკლებში მონაწილეობა

დღესაც ვიწვევთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიაში, თუ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა და არა პოლიტიკურ სპექტაკლებში მონაწილეობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას ”კონსტიტუცია ყველასია” გამოეხმაურა. 

მისი თქმით, კონსტიტუცია რომ ყველასია, ამაზე საუბარი დაგვიანებულია. 

”კონსტიტუცია რომ ყველასია, ამაზე საუბარი დაგვიანებულია, როდესაც საკონსტიტუციო კომისია იქმნებოდა, პრეზიდენტმა ამ კომისიის თანათავმჯდომარეობა მოითხოვა და მიუხედავად იმისა, რომ უარი აბსოლუტურად სწორი, სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტაციით მიიღო, განაწყენდა და საერთოდ უარი განაცხადა კომისიაში მონაწილეობაზე. კომისიაში ახლაც თავისუფალია მისი სამი წარმომადგენლის ადგილი. ჩვენ, დღესაც ვიწვევთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომისიაში, მათ თუ მართლაც სურთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა და არა პოლიტიკურ სპექტაკლებში მონაწილეობა”, - განაცხადა მდინარაძემ. 

მისი განმარტებით, საერთო-სახალხო განხილვაზე კანონით პროექტი გააქვს პარლამენტს და არა პრეზიდენტს. 

”რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო განხილვას, მას აქვს კანონით განსაზღვრული კონკრეტული დრო. როდესაც იქმნება ცვლილებების პროექტი, ამის შემდეგ მან აუცილებლად უნდა გაიაროს საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთი თვის ვადაში. ეს პროცესი პრეზიდენტმა დღეს თავის თავზე აიღო, მაგრამ არის რამდენიმე პრობლემა, პირველი - სახალხო განხილვაზე კანონით პროექტი გააქვს პარლამენტს და არა პრეზიდენტს და მეორე, ჯერ პროექტი არ არსებობს და რას სთავაზობს პრეზიდენტი საზოგადოებას განსახილველად საინტერესოა? მაპატიეთ მცირე ირონია, მაგრამ გარკვეული წრეების მიერ დაგეგმილმა პოლიტიკურმა პიარმა მართლაც სასაცილო სახე მიიღო. შესაბამისად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად ვურჩევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რაც შედარებით გამოასწორებს აქამდე დაშვებულ შეცდომებს, რომელსაც არა მხოლოდ იურისტები და პოლიტიკოსები, არამედ ნებისმიერი მოქალაქე კარგად ხვდება”, - განაცხადა მდინარაძემ. 

გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია გაიმართა. კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

შეხვედრაზე კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველ გუნდს.