სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები

სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები

მედიის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით, არის ღირებულება, რომელსაც, როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ევროპარლამენტარებისადმი საპასუხოდ გაგზავნილ წერილში. აღნიშნული წერილი ”ინტერპრესნიუსმა” მთავრობის ადმინისტრაციაში მოიპოვა.

პრემიერი საუბრობს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ და აცხადებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა არც ერთხელ ამ დროის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, არ შეწყვეტილა მისი მაუწყებლობა და არ განხორციელებულა ზეწოლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

”სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა შეხედულებათა ასეთი მრავალფეროვნება, აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები, რომლებსაც დღეს ვხედავთ ჩვენს მედიასივრცეში. დღეს ქართული მედია უფრო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან და უფრო თავისუფლად გამოთქვამს კრიტიკას მის მიმართ, ვიდრე ოდესმე.

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა არც ერთხელ ამ დროის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, არ შეწყვეტილა მისი მაუწყებლობა და არ განხორციელებულა ზეწოლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. თქვენ გვადანაშაულებთ, თითქოს ჩვენ გვინდა ვაქციოთ "რუსთავი 2" „მთავრობისადმი კეთილგანწყობილ კიდევ ერთ ტელეკომპანიად“. ეს არის სერიოზული ბრალდება იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მედიაპლურალიზმს და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც საერთოდ არ არსებობს მთავრობის მხარდამჭერი ტელეარხები.

მაშინ, როდესაც 2012 წლამდე მხოლოდ სამი ტელეარხი მაუწყებლობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს მათი რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო 2016 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და კიდევ უფრო აქტიური დერეგულაციის შემდეგ, დღეს სამაუწყებლო კომპანიის დაფუძნება სულ რაღაც 10 დღეში არის შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ განაცხადის მარტივი პროცედურის გავლა და მაუწყებლობის დაწყება. საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს ყოველწლიურ გაუმჯობესებას საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ინტერნეტთან დაკავშირებულ კატეგორიებში. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ჩვენს ინტერესებშია მისი დაცვა. ამის საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

"რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის წარსულის მემკვიდრეობა, როცა საკუთრების უფლება გამუდმებით ირღვეოდა და თავისუფლება მსხვერპლად ეწირებოდა პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის აღდგენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სამართლებრივი სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება იყო ჩვენი ყველაზე გადაუდებელი და რთული ამოცანა. ამ მიზნით, საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმები, რათა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მიგვეახლოვებინა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუკი გავითვალისწინებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ცხადია, რომ დღეს სასამართლო აღარ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას და სახელისუფლებო კონტროლს”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.