მთავრობის დღევანდელი განცხადება არის ჩვენი დაცინვა და თავის გამართლების მცდელობა,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას.
გოცირიძის თქმით, მთავრობას სურს, უზენაესი სასამართლოს არაკანონიერი გადაწყვეტილება გაამართლოს.
"სინამდვილეში მთავრობა ამ გადაწყვეტილების მთავარი შემოქმედია. მთავრობა უხეშად ერეოდა სასამართლოს მოქმედებებში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, პროვოკაციები. როგორც ჩანს, საბოლოოდ ვერ გაუძლეს ამ ზეწოლას. დაშინების რა ფორმები გამოიყენეს, დრო და ობიექტური გამოძიება დაადგენს, რომელიც აუცილებლად შედგება. ფაქტია, რომ ის მოსამართლეებიც კი, ვინც საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილი, ერთსულოვანნი გახდნენ და 9-ვე მოსამართლემ მიიღო ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება",- განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ეს მთავრობის და სპეცსამსახურების უხეში ჩარევით მოხდა, მთავრობა კი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული.
საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ.
„ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად. ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.