პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისათვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება

პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისათვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება

უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესში იმდაგვარად მონაწილეობს, რომ ის პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატურას წარუდგენს, რომელზეც არჩევანს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს.

”ქართული ოცნების” პროექტით, აღნიშნულ პროცესში პრეზიდენტის რგოლი გამოტოვებულია.

”ქართული ოცნება” მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შემდეგი ინიციატივით გამოდის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ცვლილებებს სთავაზობს: ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, მთავრობის გადაყენებიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პარლამენტს დადგენილ ვადაში არ წარედგინა ან პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 3 კვირისა, დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს.

პრეზიდენტი არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ზემოთაღნიშნული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის დამტკიცებიდან სამი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.